წესები და პირობები
 
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ (შემდგომში „აუქციონერი“) მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების რეალიზაციის მიზნით ორგანიზებული ინტერნეტ–აუქციონის (შემდგომში „აუქციონი”) ჩატარების წესებსა და პირობებს.
 
1. ზოგადი პირობები
1.1 რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ აქციონში მონაწილი პირი (შემდგომში მომხმარებელი) გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესებს, პროცედურებს, პირობებს და წარმოეშვა წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
1.2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციისა და ვებ-გვერდზე ყოველი ავტორიზაციის განხორციელებისას მომხმარებელი ავტომატურად ექცევა წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, მასზედ რომ აუქციონის წესებისა და პირობების მოქმედება გავრცელდეს მასზე.
1.3. წინამდებარე წესები და პირობები ვებ–გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში და მასში გამარჯვების შემდგომ, აუქციონერის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძინოს აუქციონზე სარეალიზაციოდ განთავსებული ავტომანქანა.
1.4. ვებ–გვერდზე განთავსებულ თითოეულ ავტომანქანას (ლოტს) მინიჭებული აქვს ნომერი/კოდი და თან ერთვის მისი ტექნიკური მდგომარეობის აღწერილობა ფოტოსურათებით. ავტომანქანის (ლოტის) აღწერილობაში მითითებულია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი ვალდებულია და ამასთან, ეძლევა სრული შესაძლებლობა უქციონში მონაწილეობის მიღებამდე ადგილზე დაათვალიეროს ავტომანქანა, შეამოწმოს მისი ტექნიკური მდგომარეობა და მიიღოს სხვა მისთვის სასურველი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი კარგავს უფლებას, გამოთქვას პრეტენზია ავტომანქანის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
1.5. იმ შემთხვევაში, თუ ვებ–გვერდზე განთავსებული ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს აუქციონერი, აღნიშნული ავტომანქანის აღწერილობის ნაწილში მითითებულია – „რეგისტრირებული მესაკუთრე–აუქციონერი“, ხოლო თუკი ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ წარმოადგენს აუქციონერი, ავტომანქანის აღწერილობის ნაწილში მითითებულია „რეგისტრირებული მესაკუთრე – სხვა“.
1.6. ავტომანქანის შეძენის შემდგომ შემძენს უფლება არ აქვს განუცხადოს აუქციონერს პრეტენზია ავტომანქანის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობებით, მას ეკისრება ვალდებულება და ამასთან, ეძლევა სრული შესაძლებლობა ავტომანქანის შეძენამდე გაეცნოს მის მდგომარეობას.
1.7. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების რეალიზაციის მიზნით ორგანიზებული აუქციონის ჩატარების გარდა აუქციონერი ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების აუქციონს ელექტრონული აუქციონის სისტემის www.aldagicars.ge–ს მეშვეობით შემკვეთსა და აუქციონერს შორის დადებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონერის მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ შემკვეთის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ელექტრონულ აუქციონზე განთავსებით (სატრანსპორტო საშუალების სურათებისა და ინფორმაციის განთავსება) და აუქციონერი არ აგებს პასუხს აუქციონში გამარჯვებული პირისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე და მის ხარისხის შემოწმებაზე. სატრანსპორტო საშუალების განთავსების გარდა ყველა სხვა საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შემკვეთსა და მომხმარებელს.
 
2. რეგისტრაციის პირობები
2.1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
2.2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის“ და „სახელის“, „სქესის“, მომხმარებლის“, „დაბადების თარიღის“, „პაროლის“, „ელექტრონული ფოსტისა“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს. სავალდებულოა აღნიშნული მონაცემების უტყუარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დაიბრუნოს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონერისთვის გადახდილი სადეპოზიტო თანხა.
2.3. იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის“, „სამართლებრივი ფორმის“, „საფირმო სახელწოდების“, მომხმარებლის დასახელების“, „პაროლის“, „ელექტრონული ფოსტის მისამართის“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს.
2.4. მომხმარებელი, წინამდებარე წესების 2.2. ან 2.3. პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ დადასტურების ღილაკის მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე აქვს სიახლეების მიღებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა.
2.5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, რომელიც აქტიურია 5 (ხუთი) წუთის განმავლობაში. აღნიშნული კოდის მომხმარებლის მიერ შესაბამის ველში შეყვანის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცესი.
2.6. ვებ–გვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისათვის უფასოა.
 
3. ავტორიზაცია
3.1. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელის (ID) და პაროლის შეყვანის გზით.
 
4. აუქციონში მონაწილეობის პირობები
4.1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ვებ–გვერდზე რეგისტრაცია და შემდგომ მომხმარებლის სახელისა (ID) და პაროლის შეყვანით აუქციონის ვებ-გვერდზე შესვლა (შესაბამისად რეგისტრაციის დროს აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება).
4.2. მომხმარებელ, რომელსაც სურს აუქციონში მონაწილეობის მიღება, ვალდებულია შესაბამის ღილაკზე დაჭერით გადავიდეს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც შესაძლებლობა ექნება, გადაიხადოს საინტერესო ავტომანქანისთვის (ლოტისთვის) განკუთვნილი საგარანტიო თანხა. კერძოდ, მიუთითოს საკუთარი პლასტიკური ბარათის შესახებ ინფორმაცია, საიდანაც ავტომანქანის (ლოტის) მოგების შემთხვევაში ავტომატურად ჩამოიჭრება შესაბამისი თანხა და გადაირიცხება აუქციონერის ანგარიშზე.
4.2.1 მომხმარებლები, რომლებსაც 4.2 პუნქტში გათვალისწინებული ფორმისგან განსხვავებული ფორმით აქვთ აუქციონის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული  თანხა, უფლებამოსილნი არიან, წერილობით მოითხოვნის შემთხვევაში უკან დაიბრუნონ აღნიშნული თანხა.
4.3. აუქციონის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული სადეპოზიტო თანხის დაბრუნება მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს აუქციონერის მიერ ვებ–გვერდზე მითითებულ მისამართზე/სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის”-ში გამოცხადების შემდგომ, იმ პირობით, რომ თანხის გატანის მომენტისთვის იგი არ მონაწილეობს მიმდინარე აუქციონში ან/და არ ფიქსირდება გამარჯვებულად ჩატარებულ აუქციონში და მის მიერ 2.2. ან 2.3. პუნქტში მითითებული მონაცემები ზუსტია.
4.4. აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებული მომხმარებლის მიერ გადახდილი სადეპოზიტო თანხა სრულად და უპირობოდ გადადის  აუქციონერის საკუთრებაში, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა მომხმარებელმა წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ავტომანქანის საფასური;
ბ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა.
 
5. აუქციონი
5.1. თითოეული ავტომანქანისთვის (ლოტისთვის) აუქციონი დაწყებულად ითვლება მისი ვებ–გვერდზე გამოცხადების მომენტიდან.
5.2. აუქციონის მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ავტომანქანას (ლოტს) და მას შემდეგ რაც შესაბამის ღილაკზე დაჭერით გადავა საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც გადაიხდის მისთვის შესაბამისი ავტომანქანისთვის (ლოტისთვის) განკუთვნილ საგარანტიო თანხას, მას შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს ღილაკი “ბიდის განთავსება”, რის შემდგომაც იგი იწყებს აუქციონში მონაწილეობას. აუქციონის მომხმარებელი ბიდის განთავსებისთვის უთითებს საწყისი ფასის ოდენობას ან მიმდინარე ფასზე მეტ ოდენობას.
5.3. აუქციონის მსვლელობის პროცესში მომხმარებელთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მომხმარებელთა ვინაობა.
5.4. აუქციონის დროს ფასის მატება ხდება ონლაინ რეჟიმში დადგენილი მინიმალური ან მეტი ვაჭრობის ბიდის მითითებით.
5.5. მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს ფუნქცია „ავტობიდერი“ შესაბამის ველში მისი მონიშვნის გზით, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მიერ ბიდის ავტომატურად მომატებას მონაწილის მიერ მითითებული თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე.
5.6. აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მომხმარებელი, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
5.7. კონკრეტული ავტომანქანის (ლოტის) გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (გაცხადებული ფასების, ბიდების, დროისა და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით.
5.8. მონაწილის მიერ ბიდის განთავსება განიხილება როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ავტომანქანის (ლოტის) მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ყოველი შემდგომი „ბიდის განთავსება“ ზრდის ავტომანქანის ფასს.
5.9. აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. აუქციონის დასრულების ვადა მითითებულია თითოეული ავტომანქანისთვის (ლოტისთვის). თუ მონაწილის მიერ ბიდის განთავსება მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 5 წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება 10 წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
5.10. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მონაწილის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.
 
6. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები
6.1. აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში გამარჯვებული მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე არსებულ მის პროფაილში არსებულ „ჩემი აუქციონების“ გვერდზე აირჩიოს „დასრულებული აუქციონები“, საიდანაც შესაძლებლობა ექნება, შესაბამის ღილაკზე დაჭერით გადავიდეს საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ვებ-გვერდზე და გადაიხადოს მოგებული ავტომანქანისთვის (ლოტისთვის) გადასახდელი თანხა სრულად. ასევე გამოცხადდეს აუქციონერის სამუშაო ადგილზე (ქ. თბილისი, ბ.კვერნაძის ქ. №10, სამუშაო საათები: 10:00 – 18:00) ხელშეკრულების გაფორმებისა ან/და ამავე ვადაში ავტომანქანის საფასურის გადახდის მიზნით.
6.2. აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ვალდებულია 6.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და ადგილას, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადად, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, გამოცხადდეს აუქციონერის მიერ მითითებულ მისამართზე და წარმოადგინოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მინდობილობა.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აუქციონში გამარჯვებული ფიზიკური პირის მიერ პირადად გამოცხადება 6.1 პუნქტით განსაზღვრულ დროსა და ადგილას, მის ნაცვლად შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონში გამარჯვებული პირის წარმომადგენელი, რომელიც აუქციონერს წარმოუდგენს შესაბამის მინდობილობასა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.
6.4. იმ შემთხვევაში, თუ  აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი არ გამოცხადდება ხელშეკრულების გასაფორმებლად 6.1 პუნქტით განსაზღვრულ დროსა და ადგილას, აუქციონერი გააუქმებს აუქციონის შედეგებს და გამოიყენებს წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ უფლებებს მომხმარებლის მიმართ, მათ შორის უპირობოდ დაიტოვებს მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილ საგარანტიო თანხას.
6.5. გამარჯვებული მომხმარებელი  აუქციონერის მიერ შესაბამისი ინვოისის საფუძველზე 6.1 პუნქტით დადგენილ ვადაში  სრულად ფარავს ავტომანქანის შესყიდვის ფასს წინამდებარე წესების შესაბამისად.
6.6. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს აუქციონერი, აუქციონში გამარჯვებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის შეთანხმებულ დროს და ადგილას გამოცხადების შემდგომ აუქციონერსა და გამარჯვებულს შორის ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ წარმოადგენს აუქციონერი, აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი, აუქციონერი და რეგისტრირებული მესაკუთრე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას/ებს. მხარეები შემდგომ ურთიერთობებს, მათ შორის ავტომანქანის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არეგულირებენ მითითებული ხელშეკრულების/ების შესაბამისად.
 
7. მხარეთა უფლებამოსილება
7.1. აუქციონერი უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის წესები ან პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებ-გვერდზე. ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ აუქციონერი დამატებით მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე.
ბ) შეწყვიტოს აუქციონი ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მონაწილის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ აუქციონერს;
გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომები, კერძოდ, დაბლოკოს მომხმარებელი, შეუზღუდოს მომხმარებელს (იმავე სახელის, გვარის და პირადი ნომრის მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება და აუკრძალოს აუქციონერის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სადგომზე დაშვება.
დ) მონაწილის მიერ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გააუქმოს აუქციონის შედეგები.
ე) საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს აუქციონის შედეგები, აუქციონში გამარჯვებულ პირთან არ გააფორმოს ავტომანქანაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და არ გადასცეს საკუთრების უფლება ავტომანქანაზე.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონერსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის განმავლობაში მომხმარებელი აუქციონერის მიერ დაჯარიმდება (ერთი და იმავე ან სხვადასხვა საფუძვლით) 10-ჯერ ან მეტჯერ, აუქციონერი უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის დაბლოკვა, შეუზღუდოს მომხმარებელს (იმავე სახელის, გვარის და პირადი ნომრის მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება და აუკრძალოს ავტომანქანების ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე დაშვება.
 
7.2. აუქციონერი ვალდებულია:
ა) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუშვას იგი ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე, მისცეს მას შესაძლებლობა დაათვალიეროს ავტომანქანა, შეამოწმოს მისი ტექნიკური მდგომარეობა და სხვა. ამასთან, აუქციონერი უფლებამოსილია გადადოს მომხმარებლის ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე დაშვების თარიღი, თუ არსებობს გადადების შესაბამისი მიზეზი.
 
7.3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
ბ) მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ავტომანქანის შესახებ აუქციონერის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
გ) გაიტანოს მის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი სადეპოზიტო თანხა იმ პირობით, რომ თანხის გატანის მომენტისთვის იგი არ მონაწილეობს მიმდინარე აუქციონში ან/და არ ფიქსირდება გამარჯვებულად ჩატარებულ აუქციონში ან/და მის მიერ 2.2 ან 2.3 პუნქტში მითითებული მონაცემები ზუსტია.
დ) წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობებით მოითხოვოს ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე მისი დაშვება, დაათვალიეროს მისთვის საინტერესო ავტომანქანა, შეამოწმოს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა და სხვა.  მომხმარებელს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს კომპანიის შიდა პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, აუქციონერი უფლებამოსილია გადადოს მომხმარებლის ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე დაშვების თარიღი, თუ არსებობს გადადების შესაბამისი მიზეზი.
 
7.4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე წესები პირობები;
ბ) აუქციონის დასრულებიდან  2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში აანაზღაუროს შეძენილი ავტომანქანის ღირებულება სრულად;
გ) სრულად დაფაროს ავტომანქანის მის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადასვლის/გადაფორმების ხარჯები;
დ) ავტომანქანის მის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადასვლიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ავტომანქანის გატანა მისი განთავსების ადგილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომანქანის შემდგომი დაზიანების/განადგურების რისკი გადადის გამარჯვებულ მომხმარებელზე. ამასთან, ავტომანქანის სადგომზე განთავსება ფასიანია და შეადგენს დღეში 50 ლარს. აუქციონერი უფლებამოსილია მონაწილის საკუთრებაში გადასვლიდან 2 (ორი) სამუშაო დღის შემდეგ მომხმარებელს დაარიცხოს ავტომანქანის სადგომზე დგომის ღირებულება და მის გადახდამდე არ გაატანოს მანქანა;
ე) მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონერი უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის პროფილი, შეზღუდოს იგივე მომხმარებლის ხელახალი რეგისტრაცია, სადეპოზიტო თანხა (ასეთის არსებობისას) ჩარიცხოს საკუთარ ანგარიშზე და არ დაუშვას მომხმარებელი ავტომანქანების ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე.
 
8. ანგარიშსწორება
8.1. აუქციონში გამარჯვებული მონაწილის მიერ ავტომანქანის შესყიდვის ფასის სრულად გადახდა წარმოებს აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში ვებ-გვერდზე მის პროფაილში არსებული „ჩემი აუქციონების“ გვერდზე „დასრულებული აუქციონები“-დან, საიდანაც შესაძლებელია შესაბამის ღილაკზე დაჭერით გადავიდეს საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ვებ-გვერდზე და სრულად გადაიხადოს მოგებული ავტომანქანისთვის (ლოტისთვის) გადასახდელი თანხა. აგრეთვე, შესაძლებელია აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ აუქციონერის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის/ნაღდი სახით შეტანის გზით.
8.2. აუქციონერი უფლებამოსილია, არ გადასცეს ფაქტობრივ მფლობელობაში აუქციონში გამარჯვებულ მომხმარებელს ავტომანქანა ნასყიდობის ფასის ან/და ავტომანქანების სადგომზე მანქანის განთავსების საფასურის სრულად გადახდამდე.
8.3. აუქციონში გამარჯვებულ მომხმარებელზე ავტომანქანის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადაცემის/გადაფორმების ხარჯებს სრულად ფარავს აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი.
 
9. კონფიდენციალურობა
9.1. აუქციონერი ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია. ამასთან, მომხმარებელი, რეგისტრაციის გზით თანხმობას აცხადებს, რომ აუქციონერი დაუკავშირდეს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე/ტელეფონზე საკუთარი პროდუქციის/ მომსახურების შეთავაზების მიზნით.
 
10. მოქმედი კანონმდებლობა
10.1. ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
10.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.






ხშირად დასმული შეკითხვები
  1. როგორ დავრეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე?
  • ვებ-გვერდზე დასარეგისტრირებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს „რეგისტრაცია“
  • შეავსოთ იქ არსებული ყველა აუცილებელი ველი სწორად და ზუსტად;
  • მიუთითეოთ პირადი ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი. ელექტრონული ფოსტა აუცილებელია რეგისტრაციის დასრულებისთვის;
  • ზუსტად შეავსოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რადგან აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში თქვენ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ავტომანქანის წასაყვანად.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, რომელიც აქტიურია 5 (ხუთი) წუთის განმავლობაში. აღნიშნული კოდის მომხმარებლის მიერ შესაბამის ველში შეყვანის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცესი, რის შემდგომაც თქვენ შეძლებთ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე თქვენს მიერ არჩეული მომხმარებელით და პაროლით. გახსოვდეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებისთვის საჭიროა დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს.
 
  1. როგორ გადავიხადო საგარანტიო თანხა?
თუ მომხმარებელს სურს მონაწილეობის მიღება აუქციონში, ვალდებულია შესაბამის ღილაკზე დაჭერით (საგარანტიო თანხის გადახდა) გადავიდეს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ვებ-გვერდზე, საიდანაც შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს საინტერესო ავტომანქანისთვის (ლოტისთვის) განკუთვნილი საგარანტიო თანხა. კერძოდ, მიუთითოს საკუთარი პლასტიკური ბარათის შესახებ ინფორმაცია, საიდანაც ავტომანქანის (ლოტის) მოგების შემთხვევაში ავტომატურად ჩამოიჭრება შესაბამისი თანხა და გადაირიცხება აუქციონერის ანგარიშზე.
 
  1. რა მდგომარეობაშია ავტომანქანა?
აუქციონზე წარმოდგენილია ავტომანქანის სურათები და დეტალური აღწერა. დამატებითი ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ თავად იხილოთ ავტომანქანა მისამართზე: ქ.თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, ნაკვეთი № 19/4 ან ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე.
 
  1. რა არის ავტობიდერი?
თუ მომხმარებელი დაინტერესებულია ავტომანქანით, მაგრამ წვდომა არ აქვს კომპიუტერთან, რომ გაუწიოს კონკურენცია მეტოქეებს, მას შეუძლია დააყენოს ავტობიდერი, ბიდების ავტომატურ რეჟიმში განთავსება, რომელიც მასში მითითებულ თანხამდე მინიმალური ბიჯით გაზრდის კონკურენტის მითითებულ ფასს. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს დაზოგოს თანხა და მოიგოს აუქციონი მინიმალურ შესაძლებელ ფასად.
 
  1. აუქციონის დასრულებამდეწუთით ადრე გავზარდე ფასიმაგრამ აუქციონი კიდევ 10 წუთს გაგრძელდარატომ?
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ მომხმარებელს  აძლევს საშუალებას, არ წააგოს აუქციონი მექანიკური დაყოვნების გამო. თუ აუქციონის დასრულებამდე დარჩენილია 5 წუთზე ნაკლები, ბოლო განაცხადის დროს გადასწევს 10 წუთით. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს მშვიდად გააკეთოს არჩევანი და მცირე უყურადღებობის გამო არ წააგოს აუქციონი.
 
  1. აუქციონის ძებნაში ზოგიერთი ავტომანქანა თეთრი ფერითაა ჩამონათვალშიხოლო ზოგი ნაცრისფერითრატომ?
თეთრი ფერითაა მონიშნული ის მარკები, რომლებიც მონაწილეობენ მიმდინარე აუქციონში. მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს ასევე, ვადაგასული აუქციონები რაიმე ტიპის ინფორმაციის მისაღებად.
 
  1. რას ნიშნავს ღილაკისაინტერესო აუქციონებში დამატება“?
ამ ღილაკის მონიშვნით, ავტომანქანა აღმოჩნდება თქვენს პროფილში -საინტერესო აუქციონებში და მასზე ბიდის გაკეთება თქვენ მოგივათ შეტყობინებად. ეს საშუალებს მოგცენთ შეხვიდეთ თქვენს პროფილში და თვალი გადაავლოთ თქვენთვის საინტერესო ავტომანქანებს (ლოტებს).
 
  1. მაქვს კითხვები აუქციონის ან კონკრეტული ავტომანქანის თაობაზევის მივმართო?
შეგიძლიათ დარეკოთ სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ქოლ-ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2 444 999, დატოვოთ თქვენი პირადი საკონტაქტო ნომერი და აუცილებლად დაგიკავშირდებიან.
 
  1. რატომ ვერ ვაკორექტირებ ბიდს?
მომხმარებელი თანხის შევსებისას უშვებდა შეცდომას და წერდა არარეალურ თანხას, რაც სხვა მომხმარებელს უსპობდა საშუალებას, რომ მიეღო მონაწილეობა აუქციონში. ახალი სქემით, ვებ-გვერდი ავტომატურად სთავაზობს მომხმარებელს მინიმალურ შესაძლებელ ბიდს. მომხმარებელს შეუძლია "+" და "-" ღილაკების მეშვეობით გაზარდოს და შეამციროს თანხა 1 (ერთი) ბიჯით.